საქართველოში პარაგლაიდინგის განვითარების მოკლე ისტორია

საქართველოში პარაგლაიდინგის განვითარების მოკლე ისტორია

საქართველოში პარაპლანერიზმის განვითარება ნაწილობრივ განაპირობა იმან, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დოსააფის სისტემაში არსებობდა თბილისის აეროკლუბი, რომელმაც საქართველოში პარაპლანერიზმის განვითარებას, ნებით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყო. დღევანდელი საფრენი ლოკაციები, როგორიცაა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რუსთავი, გომბორი-ახმეტა, ბელაკანი-ახმეტა, სწორედ მათი აღმოჩენილია.

სერგო სამარღანიშვილი იყო ის პირველი ადამიანი საქართველოში, რომელსაც ჰქონდა საკუთარი პარაპლანი. თავიდან ისიც დელტაპლანერისტი იყო, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბნელსა და თბილ 90 - იან წლებში ბატონ სერგოს მოპარეს მანქანა, რომელშიც იდო მისი პარაპლანი.  ამავე პერიოდში საქართველოში პარაპლანით დაფრინავდნენ ლევან მეფარიშვილი და ზაურ ჩართოლანი, რომელიც პარაპლანერიზმის საკავშირო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და თანადამფუძნებელიც იყო. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ადამიანებმა ფრენას თავი დაანებეს.  

ამის შემდეგ პარაგლაიდინგის სფეროში 1991 წლიდან 1995 წლამდე არის დიდი წყვეტა. 1997 წელს, ირაკლი კაპანაძემ, ზვიად ბეგლარიშვილმა, თეიმურაზ რამიშვილმა და ერეკლე ლეჟავამ იყიდეს პირველი საერთო ფრთა და დაიწყეს აქტიური ფრენა. დაახლოებით ერთ წელში მათ შეუერთდნენ გიორგი შავერდაშვილი, დავით ყიფიანი, არჩილ ჟანგირაშვილი, ნოდარ აღდგომელაშვილი, ალექსანდრე ტალახაძე, გოგა ხაჩიძე და კიდევ მათი ბევრი საერთო მეგობარი. ადამიანთა ამ მცირე ჯგუფს მაშინ ჰქონდა მცდელობა, რომ ეს სპორტი ბიზნესად ექციათ, მაგრამ რესურსის ნაკლებობის გამო ეს ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება პირველ უბედურ შემთხვევას, ეს მოხდა 1998 წელს. გუდაურში, მესამედ გაფრენის მცდელობისას დაიღუპა რეზი ჩაკვეტაძე.

„ რეზი ჩქარობდა, რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციეთ. ორჯერ წარუმატებლად სცადა აფრენა. მახსოვს დიდი კურტკა ეცვა და ვერავინ ვერ შევამჩნიეთ, რომ ფეხის თასმები ჰქონდა გახსნილი. აფრენის მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა, მაგრამ ფეხის თასმების შეკვრა დაავიწყდა, რის გამოც საფრენი აპარატის სკამიდან ნელ-ნელა ჩამოცურდა და ღრმა ხევში ჩავარდა. თოვლი კი იყო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა იმ სიმაღლიდან გადმოვარდნის გამო. ვფიქრობ ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოში პარაგლაიდინგის განვითარებისთვის. ამ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება უარი გვეთქვა რუსული და უკრაინული წარმოების ფრთებზე და სხვა საფრენ აღჭურვილობაზე, გარკვეული ხარვეზების გამო, შეიძლება ითქვას, რომ დაუმთავრებელი პროდუქტები იყო.“ - ამბობს ბატონი ირაკლი.

სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის საჭიროებამ გამოიწვია 2010 წელს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის დარეგისტრირება არაკომერციულ იურიდიულ პირად. მიუხედავად რეგისტრაციისა, პარაგლაიდინგის ფედერაცია პირველი 5 წლის მანძილზე ძალიან ნელა ფართოვდებოდა, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა მეორე ბიძგი, რაც გამოიხატა რუსი და უკრაინელი პილოტების გუდაურში ჩამოსვლასა და კომერციული ფრენების წარმოებაში. ამან ადგილობრივებს და არა მხოლოდ, დაანახა რომ პარაპლანერიზმი, გარდა ჰობისა, შეიძლება იყოს ბიზნესიც, რამაც გამოიწვია ამ სპორტით უფრო და უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება.

სირთულეებზე საუბრისას ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა:

„მთავარი ის არის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოცდილება დაგროვდა, ზეპირად მახსოვს ტრავმები, ვინ დაშავდა, ვის რა მოუვიდა, ცოტა არ ყოფილა მთლიანობაში. ზოგადად ეგრეა, როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ, საშუალება იმისა, რომ ინციდენტებს თავი აარიდო პრაქტიკულად არ გაქვს. 90იანი და 2000იანი წლები რომ ავიღოთ, რესურსი იმისა რომ რაღაცას წესიერად გავცნობოდით, ფაქტობრივად არ გვქონდა.  ვინმე თუ ცოდნის დასაგროვებლად ქვეყნიდან წავიდოდა, უკან აღარ ბრუნდებოდა, მოგეხსენბათ წასვლის და წამოსვლის ფუფუნება, მაშინ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა. სირთულეები სწორედ იქიდან მოდიოდა, რომ ჭირდა გადაადგილება. ამას სხვა რაღაცებიც ემატებოდა, მაგალითად საკერავ მანქანას ვერ იშოვნიდი, რომლითაც შეიძლება პარაპლანის სწორად გაკერვა, სტროპების გადაკერვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. პირველად, როდესაც ფრთა გავაფუჭეთ, სამი თვე ვერაფერს ვაკეთებდით, მერე თანდათან მოვახერხეთ და გავარემონტეთ, ახლა უკვე ეს ყველაფერი აღარ არის პრობლემური. ასევე მასწავლებელი არ გვყოლია ჩვენ. მაშინ ვიდეო-გაკვეთილები იყო მოდაში და სულ მაგას ვეჯექით და ვუყურებდით. იქიდან ვისწავლეთ, როგორ უნდა აგვერჩია ფრთა, როგორია ფრენისთვის შესაფერისი ამინდი, სად უნდა გვეფრინა და ა.შ. აესე, ძალიან პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით საბოლოო ჯამში გამოვიდა.“

კითხვაზე იყო თუ არა მომენტი, როდესაც იფიქრა რომ საქმე არ გამოდიოდა და ფრენისთვის თავი უნდა დაენებებინა, ბატონმა ირაკლიმ ასე გვიპასუხა:

„ეს ცოტა უცნაური კითხვაა, მე თითქმის არაფრის კეთება არ დამიწყია, რომელსაც რაღაც ზომამდე მივყოლილვარ და მერე თავი დამინებებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ გვიან დავიწყე, მაგალითად მთაში სიარული დავიწყე 18 წლისამ, რაც სპორტის ამ სახეობისთვის გვიანია, თხილამურებით სრიალი დავიწყე 19 წლისამ - ესეც გვიანია, ფრენა დავიწყე 25 წლისამ, ამ სამ რაღაცას საბოლოო ჯამში დღესაც ვაკეთებ. მიუხედავად იმისა რომ, რაღაც ეტაპზე სირთულეები იყო, არასდროს აზრად არ მომსვლია, რომ ფრენას თავს დავანებებდი, აღარ ვიფრენდი, რომ საშიშია, არა, ეგეთი ფიქრები არა მქონია“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფედერაციას რამდენიმე მიმართულებით აქვს სამუშაო, ესენია: ადგილობრივი კლუბების ჩამოყალიბება; სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენთთან, განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტთან და საქ. შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთობა; და ბოლოს კლუბებში იმ ცოდნისა და სტანდარტების დანერგვა, რაც საყოველთაოა. 

0 კომენტარი

კომენტარის დამატება